Saturday, 16 February 2019

მოდერნიზმი ქართულ ლიტერატურაში



ქართულ მოდერნიზმზე საუბრობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, ინგა მილორავა.

მოდერნიზმის განმარტებისთვის


მოდერნიზმი (ლათ: modernus, ,,თანამედროვე'', ,,ბოლოდროინდელი'') კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს თანამედროვე ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა ევროპაში. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა, აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.
   მოდერნიზმის შესანიშნავ განმარტებას არქიმანდრიტ რაფაელის (კარედინი) სტატიაში ვპოულობთ: ,,გაჩნდნენ უხილავი ძალები, რომლებმაც (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც) ეკლესიის სწავლების თანდათანობით და ჯიუტად დამახინჯება და დისკრედიტირება დაისახეს მიზნად. ისინი შეუმჩნევლად ცვლიან მართლმადიდებლურ მენტალიტეტს. მსგავსი დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ისინი პირდაპირ არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ დოგმატებსა და კანონებს, მაგრამ სურთ, თავიანთი ინტერპრეტაცია, განსხვავებული აზრი მოახვიონ საზოგადოებას''.
   მრავალი მოსაზრება არსებობს მოდერნიზმთან დაკავშირებით, დადებითი თუ უარყოფითი, მხარდამჭერი თუ მიწასთან გამასწორებელი. მე კი შევეცდები რომ ზურაბ კაკაბაძის სტატიის (,,მოდერნისტული ხელოვნების ერთი თავისებურების გამო'') საშუალებით დავინახოთ ეს მიმდინარეობა.
   საკმაოდ ადვილი შესამჩნევია, რომ მოდერნისტი მხატვრებისათვის სინამდვილის ბუნებრივ-ჩვეული სახის რადიკალური გარდაქმნის ტენდენციაა დამახასიათებელი. ისინი იმდენად ცვლიან საგნებს, რომ ხშირად მათი ამოცნობა შეუძლებელიც კი ხდება. ამ ტენდენციას ,,ობივატელური'' მასის სნობისტურ განწყობილებებს მიაწერენ. ის ორიგინალურ, უჩვეულო გარეგნობას ეტანება და ამასთანავე არ ერევა არავის ცხოვრებაში, არავის აიძულებს, რომ დაფიქრდეს და დაეჭვდეს, არ არღვევს კომფორტაბელური ცხოვრების ინერციას. დეფორმაცია სწორედ სამყაროს ჩვეული სახის რადიკალურ გარდაქმნასა და მისი უჩვეულო სახის წარმოდგინებას მოასწავებს.